1 Star2 Stars3 Stars4 Stars5 Stars
Loading...Loading...

» გიორგი I

ერთიანი საქართველოს მეფე 1014-1027 წლებში –ბაგრატ III-ის ძე. გიორგი I-ის გამეფების დროისათვის, გაერთიანებული და გაძლიერების გზაზე დამდგარი საქართველოს სამეფო კარის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი მიზანია კავკასიაში პოზიციების განმტკიცება და სრული სუვერენიტეტის მოპოვება საერთაშორისო ასპარეზზე. ამ მიზნის განხორციელებაში საქართველოს დიდად უშლის ხელს ბიზანტია, რომელსაც აღარ აკმაყოფილებს მის მიერ იმპერიის უპირატესობის ფორმალური აღიარება და რეალურად სურს აქ მდგომარეობის გამყარება. ბიზანტია თავისი მიზნისთვის საუკეთესოდ იყენებს დავით III კურაპალატის სამფლობელოებს, რომელიც 1001 წელს საქართველოს ჩამოაჭრა და აქ თავისი ადმინისტრაციული ერთეული “იბერიის თემი” შექმნა. ამ ტერიტორიას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ბიზანტიისთვის, რომელიც აქედან ავრცელებს თავის ექსპანსიას საქართველოსა და სომხეთზე, ისე საქართველოსთვის, რათა თავისი პოლიტიკური მიზნები განახორციელოს. ამიტომ გიორგი I იწყებს შეუპოვარ ბრძოლას ბიზანტიის წინააღმდეგ იმიერტაოს დასაბრუნებლად. გიორგი I-ის ტახტზე ასვლისთანავე, ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე დიდაზნაურებმა ერთიან საქართველოს კახეთ-ჰერეთი ჩამოაშორეს და აქ ადგილობრივი მმართველობა აღადგინეს. სამეფო კარმა, როგორც ჩანს, ერთი მხრივ, ვერ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა კახეთ-ჰერეთის დამოუკიდებელ ერთეულად ფორმირებისათვის, მეორე მხრივ, მეტად აღარ დაამძიმა შინაპოლიტიკური ვითარება. მომავლისათვის გადადო კახეთ-ჰერეთისათვის ბრძოლა, რათა ხელი არ შეშლოდა ბიზანტიის წინააღმდეგ ომის სამზადისში. ასეთი არჩევანი განპირობებული იყო იმ დროს შექმნილი ხელსაყრელი საერთაშორისო ვითარებით. კერძოდ, იმპერიას აუჯანყდა ბულგარეთის სახელმწიფო და იმპერატორი ბასილი II (976-1025) ოთხი წლის მანძილზე მასთან ომს აწარმოებდა. გიორგი I 1014-1018 წლებში სამხრეთ ტაოში შეიჭრა და დაიკავა. 1019 წელს ბასილი II-მ ბულგარელებთან ომი წარმატებით დაამთავრა და საქართველოს მეფეს სადავო ტერიტორიის დაცლა მოთხოვა. მეფემ იმპერატორის მოთხოვნაზე უარი განაცხადა, რასაც მოჰყვა ბიზანტია-საქართველოს ომი 1021-1023წწ. გიორგი I თავიდანვე შეუდგა სამხედრო და დიპლომატიურ სამზადისს. მან გადაწყვიტა ფართო მასშტაბის ანტიბიზანტიური კოალიციის შექმნა. ამ მიზნით გიორგი I დაუკავშირდა სომხურ პოლიტიკურ ერთეულებს: ანისის მეფე იოვანე-სუმბატს, რომელმაც ტახტი გიორგის დახმარებით დაიკავა. კოალიციაში მონაწილეობას იღებდნენ ანისის სამეფოს ვასალი ვანანდი და ვასპურაკანის მეფე სენექერიმ არწრუნი, რომელსაც პირადი პოლიტიკური მოსაზრებები გაჩნდა ბიზანტიის წინააღმდეგ საბრძოლველად. საქართველოს მეფეს ეხმარებოდა კახეთ-ჰერეთი, რაც გიორგი I-ის დიპლომატიურ წარმატებად უნდა ჩაითვალოს. გიორგი I-მა კავშირი დაამყარა ეგვიპტესთან. საგანგებო ელჩობა გაგზავნა კაიროში ხალიფა ალ-ჰაქიმთან, რომელსაც ერთობლივი საომარი ოპერაციების დაწყება შესთავაზა. სამწუხაროდ, კოალიციის ჩამოყალიბება ბოლო მომენტში ჩაიშალა. გარდაიცვალა ალ-ჰაქიმი, რამაც ალბათ განაპირობა გიორგის წარუმატებლობა. 1021 წელს ბასილი II ურიცხვი ლაშქრით მოულოდნელად საქართველოში შემოიჭრა. მოწინააღმდეგენი ბასიანს დაბანაკდნენ. გიორგიმ ბრძოლას თავი აარიდა, ქალაქი ოლთისი გადაწვა და კოლას დადგა. ბასილი კვალდაკვალ გამოჰყვა მას და სოფელ შირიმნთან (ჩილდირის ტბის მახლობლად) შეება საქართველოს “უკანმავალ” ლაშქარს. ქართველებმა შეუპოვარი ბრძოლით უკუაქციეს ბიზანტიელები, მაგრამ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და უკან დაიხიეს. ამ ბრძოლაში დაიღუპნენ ქართველი “ერისთავნი და დიდებულნი: რატი ძე ლიპარიტისი და ხურსი”. უკანდახეულ ქართველებს ბასილი დაედევნა. თან ირგვლივ ყველაფერს ანადგურებდა. გიორგი I-ს ამ დროს კახეთ-ჰერეთის ლაშქარი მოეშველა და ბრძოლის განახლება გადაწყვიტა. ზამთრის მოახლოებისა და, როგორც ჩანს, ქართველთა ლაშქრის გაძლიერების გამო იმპერატორმა ბრძოლა აღარ გააგრძელა. სამხრეთით წავიდა და ტრაპიზონთან დაბანაკდა. დაიწყო საზავო მოლაპარაკება. გიორგი I მოლაპარაკებას აჭიანურებდა, რათა ხელსაყრელ მომენტში შეტევა დაეწყო. ამ დროს ბასილიმ მიიღო ცნობა, რომ მის წინააღმდეგ აჯანყება მოაწყვეს ქსიფემ და ნიკიფორე ფოკამ. მათთან, როგორც ჩანს, გიორგი I-ს კავშირი ჰქონდა. გიორგი I-მა აჯანყებით ისარგებლა და ისევ საომარ სამზადისს შეუდგა. იმპერატორმა აჯანყება მალევე ჩაახშო, დაასწრო საქართველოს მეფეს და დაამარცხა. 1023 წელს გიორგი I იძულებული გახდა ზავის მძიმე პირობებს დათანხმებოდა. ამიერტაო ისევ ბიზანტიას დარჩა. ტახტის მემკვიდრე ბაგრატი სამი წლით მძევლად გაიგზავნა კონსტანტინოპოლში. გიორგი I ამ მდგომარეობას ვერ შეეგუა და რევანშისათვის ემზადებოდა. მან 1025 წელს ვასპურაკანის მმართველის ნიკიფორე კომნენოსის შეთქმულებაში იმპერატორის წინააღმდეგ მიიღო მონაწილეობა. შეთქმულება გამომჟღავნდა. 1027 წლის 16 აგვისტოს მეფე გიორგი I მოულოდნელად გარდაიცვალა თრიალეთს, დაკრძალულია ქაუთაისს. მისი მეფობის დროს აშენდა მცხეთაში სვეტიცხოველის შესანიშნავი ტაძარი.

© აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი რესურსის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ მისივე გვერდის ბმულის წყაროდ მითითებით!

დატოვე კომენტარი↓

*გთხოვთ წეროთ ქართული ასოებით

 

 

XHTML: დამხმარე კოდები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*

0 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 50 votes, average: 0.00 out of 5

› გვერდის ფონის ფერის არჩევა

HTML და JAVA ნაზავი 🙂
გვერდის უკანა ფერის არჩევითი ცვლილება. შესაძლებელია ულიმიტოდ დაამატოთ ფერები. ვისაც ცოტა მაინც ესმის შეუძლია განავითაროს ეს სკრიპტი…

[ნახე ვრცლად…]

DU